მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო - ვოლსკი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის პედაგოგებს და ყოფილ ხელმძღვანელს, სხალთელ მთავარეპისკოპოს სპირიდონს თავდადების გამო მადლობა უნდა ვუთხრათ.

მისი თქმით, თუ „რაიმე გადახრა“ არსებობდა, ამის წინააღმდეგ პირველ რიგში ეკლესიამ უნდა გაილაშქროს. ვოლსკის შეფასებით, ეკლესიის წინააღმდეგ „სკანდალური და ისტერიკული პოზიცია“ მიმდინარეობს, რაც ეკლესიისთვის ზიანის მიყენების მიზნებზე მიუთითებს.

„ყველას მადლობა უნდა ვუთხრათ, თითოეულ პედაგოგს და ადამიანს, რომ ბავშვებთან, რომლებოც მოკლებული იყვნენ ოჯახურ სითბოს და მზრუნველობას, გაუწიეს პატრონობა და ამ ხნის განმავლობაში მათ მიმართ იყვნენ განსაკუთრებით თბილნი მაღალპროფესიონალურ დონეზე ცდილობდა შეესწავლებინა სხვადასხვა საგანი და ყოფილიყო მათი მდგომარეობა შემსუბუქებული.

თუკი რაიმე გადახრა არსებობდა ამის წინააღმდეგ, უნდა გაილაშროს და გაილაშქრებს კიდეც ეკლესია, რომლის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება ძალადობა, განსაკუთრებით ბავშვებზე ძალადობა, თუკი ასეთი იყო დაშვებული,მაგრამ ის სკანდალური, ისტერიკული პოზიცია, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს, მიუთითებს იმაზე, რომ სიმართლის დადგენა კი არ უნდა ვინმეს, ზარალის მიყენება უნდა ეკლესიისთვის.

რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მცირე ოჯახური ტიპის გარემოში მოვახვედროთ, თუ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბიოლოგიურ ოჯახს დავუბრუნოთ.

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, მეუფე სპირიდონსაც, თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა.

ცალკეული გადახრა, თუ ეს დაშვებულ იქნა, არის ჩვენი, საზოგადოების, ყველას საზრუნავი, მაგრამ აქ განსხვავებულობა არ უნდა იყოს, სახალხო დამცველს, სახელმწიფოს წარმომადგენელს, ეკლესიის წარმომადგენელს, ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს – ბავშვის ინტერესები უპირველეს ყოვლისა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტებმა ვოლსკის ჰკითხეს, რისთვის უხდიდა ის მადლობას ეპისკოპოს სპირიდონს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა შეკითხვა პროვოკაციულად შეაფასა და განმარტა, რომ მადლობას განვლილ წლებში უმარავი ადამიანის შეფარებისთვის მათი მოფერების და სითბოს გაზიარებისთვის უხდის.

„თუკი რაიმე გადახრა იყო, კონსტიტუციის დარღვევა, თქვენ როგორც ამბობსთ, იმიტომ რომ სახალხო დამცველი არ შეუშვა, არ არის ის თემა, როდესაც ადამიანს არ უნდა დაუფასო სიკეთე, რომელიც გაუკეთებია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტების რეპლიკაზე, რომ ომბუდსმენს არ აქვს შესაძლებლობა, შევიდეს და მონიტორინგი გაუწიოს პანსიონატში არსებულ მდომარეობას, ვოლსკი აცხადებს, რომ ომბუდსმენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია „გეგმაზომიერი, დიპლომატიური“ მუშაობა იმსითვის, რომ ბავშვების ფსიქიკა არ დაზიანდეს.

„ხომ არ შეიძლება ყოველ დღე დავკიოდეთ ამ ბავშვებს, რომლებიც დღეს კიდევ იქ ცხოვრობენ, რომ თქვენ იყავით გესტაპოს გაუსაძლის პირობებში, როცა ასეთი შეიძლება ერთი-ორი ეპიზოდი იყო. მთლიანობაში ეს ბავშვებზე ხომ მოქმედებს?

დაელაპარაკეთ ფსიქოლოგებს ბოლოს და ბოლოს, იგივე სახალხო დამცველიც ფსიქოლოგებს უნდა დაელაპარაკოს, უნდა დაელაპარაკოს საეკლესიო პირებსაც და მაქსიმალური დიპლომატიით ეცადოს დაიცვას ადამიანის უფლება, თუნდაც, ბავშვების უფლება, თუკი ასეთი უფლებები არის დასაცავი.

როცა ისტერიკას ვტეხავთ ამ საქმის გარშემო, როცა შესაძლებელია ნორმალური, ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ბავშვის უფლების დაცვა, ამ გზით უნდა ვიაროთ და არა ისტერიკის, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ მიზანსაც ემსახურება,”, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ექსპერტებთან კონსულტაციები უნდა გაიაროს ეკლესიამაც.