როგორია ძალადობრივ აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენელთა მდგომარეობა

პუბლიკა

გუშინ, 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენელთა ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. კლინიკების წარმომადგენლების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის გიორგი კორძახიას განცხადებით, ამ ეტაპზე „ნიუ ჰოსპიტალში“ რჩება 3 პაციენტი და მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

„კლინიკაში რჩება 3 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ორს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა სახის ძვლებზე. დღეისთვის მათი გაწერა არ იგეგმება, ამას განვხილავთ უფრო ხვალისთვის. ორ ადამიანს აღენიშნებოდა სახის ძვლების მოტეხილობა. ასევე იყო თვალ-გუგის დაზიანება და თავის ტვინის შერყევა“, – განაცხადა გიორგი კორძახიამ „TV პირველთან“.

ალადაშვილის კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, გუშინ კლინიკაში შეიყვანეს 6 პაციენტი, 3 უკვე გაეწერა და კლინიკაში რჩება 3 პაციენტი, ორი ჟურნალისტი და პოლონელი ტურისტი, რომელიც გუშინ დაჭრეს.

კლინიკის წარმომადგენელმა ქეთევან ბეთანელმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.

5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.