მიჭირს მომხდარის გახსენება. ექიმების თქმით, შესაძლოა, მქონდეს დროებითი ამნეზია - „ფორმულას“ ფოტოგრაფი

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, რომელსაც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე თავს დაესხნენ, საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. როგორც ის „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, უჭირს მომხდარის გახსენება. ქარელის თქმით, ექიმები აცხადებენ, რომ შესაძლოა მას ჰქონდეს დროებითი ამნეზია.

„მიღებული დაზიანებებიდან გამომდინარე მიჭირს, სრულად გავიხსენო მომხდარი. მახსოვს მხოლოდ ფრაგმენტები. ექიმების განცხადებით, შესაძლოა, რომ ეს იყოს დროებითი ამნეზია და რაღაც პერიოდის შემდეგ სრულად გამახსენდეს ეს ყველაფერი. ვაგრძელებ კლინიკაში მკურნალობას“, – განაცხადა მან „ფორმულას“ ეთერში.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. დღის განმავლობაში ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ არაერთ ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.