ჟურნალისტებზე თავდასხმაში კიდევ 5 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ჟურნალისტებზე თავდასხმაში კიდევ 5 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა, – მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საუბარია „TV პირველის”ჟურნალისტებზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორსა და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფზე ძალადობის საქმეზე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს,  „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები – ც.ჩ., ბ.მ., თ.გ., ო.გ. და მ.დ.  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

ბრალდებულები ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება”, – აცხადებდა პროკურატურა.