შეწყვიტეთ ჩემი და ჩვენი დაშინება ევროკავშირითა და ამერიკით - წულუკიანი ჟურნალისტებს

პუბლიკა

„შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი საქართველოს სხვა მოქალაქეების ძალიან დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით. იმიტომ, რომ ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას. ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია“, –  ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა. აქციის მონაწილეების თქმით, მას დღეს 12 საათამდე აქვს მიცემული ვადა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს აქტიურად და ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს.

პრემიერის თქმით, ის, რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო მორიგი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.


გუშინ გამთენიისას „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.