ვემზადებით, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შეფასებაში ჩავრთოთ ჩვენი ექსპერტები - ომბუდსმენი ლექსო ლაშქარავაზე

პუბლიკა

„ლექსოს მიმართ დაწყებულ გამოძიებას ჩვენ თვალს მივადევნებთ და უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შეფასებაშიც ჩავრთოთ ჩვენი ექსპერტები და წარმომადგენლები“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციამდე განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, შსს-ს მხრიდან არაფრისმთქმელი კადრების გასაჯაროვება მიუღებელი იყო.

„ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ლექსო უკვე 5 ივლისს იყო განწირული როგორც ხელისუფლების, ისე ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ეს კადრები და მინიშნებები ნამდვილად არ ცვლის იმას, რომ ლექსოს და სხვა ჟურნალისტებს 20-მდე ადამიანი დაესხა თავს და ის სასიკვდილოდ გაიმეტეს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა ლექსო ლაშქარავას წარსულის შესახებ ცნობების გავრცელება.

„ეს იყო მცდელობა იმისა, რომ როგორც წარსულში, ახლაც, დაზარალებული და გარდაცვლილი ადამიანი წარმოაჩინონ და შეულახონ რეპუტაცია. ეს იყო რეალურად ამის მიზეზი, ეს ინფორმაცია კერძო პირებს არ შეიძლება ჰქონოდა სახელმწიფო ორგანოების ნების გარეშე“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ისაუბრებს მიმდინარე ამბებზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და 5 ივლისის მოვლენების გამოძიების საკითხზე. ლომჯარიას აინტერესებს სალომე ზურაბიშვილის აზრის მოსმენაც.