„ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში" - IPN-ის ფოტოგრაფი

პუბლიკა

„ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლიშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

როგორც მან „პალიტრანიუსს“ უთხრა,  მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.

მან „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა. ის ამბობს, რომ  მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელი ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

„სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო.

ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არა მხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყო დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება“ , – განაცხადა ნიკოლიშვილმა.

5 ივლისს გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.