„როცა პრემიერმა თქვა, რომ არ დაიცავს „პრაიდის“ მსვლელობას, გამიხარდა“ - ფალავანდიშვილი

პუბლიკა

ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ფალავანდიშვილმა შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ამბობს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია მობილური ტელეფონები.

„მხოლოდ ტელეფონები ამოიღეს, სადაც  მიმოწერები იყო ასეთი – გამოდით, შევიკრიბოთ.  მოწოდებები, რომ შევკრებილიყავით“, – განაცხადა მან.

გურამ ფალავანდიშვილმა გაიხსენა 5 ივლისის მოვლენები და თქვა, რომ მას გაუხარდა ღარიბაშვილის განცხადება, რომ ის „თბილისი პრაიდის“ მსვლელობას არ დაიცავდა არც ერთ ლოკაციაზე“.

„ღარიბაშვილმა თქვა, რომ… არა მარტო ღარიბაშვილმა, ეკლესიამაც თქვა, რომ, თუ მოხდება „პრაიდის“ გამოსვლა, ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ მოხდეს გამოუსწორებელი… მსხვერპლი დავარქვათ, თუ შეტაკება, თუ ექსცესები.

როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ მსვლელობას არც ერთ ლოკაციაზე, მე ეს გამიხარდა. რა თქმა უნდა, მე მერჩივნა რომ ეთქვა, კი არ დავიცავ, არამედ მათ დავაპატიმრებ, იმიტომ რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას, მაგრამ გამიხარდა იმიტომ, რომ მან ხალხი შეიცოდა, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი და არ მომხდარიყო ექსცესები. ხალხზე იზრუნა“, – თქვა მან პრემიერ-მინისტრზე.

„პუბლიკა“ ემიჯნება და გმობს გურამ ფალავანდიშვილის მიერ ჟურნალისტებთან გამოთქმულ ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველ განცხადებებს.


მოძრაობა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერები – ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

მანამდე პოლიციამ როგორც მათი, ასევე, ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების, ზურა მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.