დღეს პარლამენტთან მისული არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. მათთან ერთად არ შეუშვეს ოპოზიციონერი დეპუტატებიც, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ქალ დეპუტატთა მიმართ ძალადობის დასაგმობად განცხადების გაკეთება სურდათ. თუმცა შენობაში „უსაფრთხოების ზომების გამო“ არ შეუშვეს.
„პარლამენტში არ შეგვიშვეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. განცხადების გაკეთება გვინდოდა ქალ დეპუტატთა მიმართ ძალადობის დასაგმობად, თუმცა უსაფრთხოების ზომების გამო, არ შეგვიშვეს, საფრთხე ვყოფილვართ თურმე. აღარ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან დიდი სირცხვილია“, – წერს სიმონიშვილი Facebook-ზე.
მოგვიანებით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა, აეხსნა, რატომ არ შეუშვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მაშინ, როცა მათზე საშვები უკვე დაშვებული იყო.
„გუშინ ჩვენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გვთხოვა საშვი. ჩვენ ეს ხალხი დავპატიჟეთ, მივეცით საშვები. დღეს მათ არ უშვებენ და მიდის კვლავ გაწევ-გამოწევა.
ეს რაღაც მახინჯ ფორმებს იღებს უკვე, რადგან, თუ უსაფრთხოების მიზნით ხდება შეზღუდვა, წინა დღეს მაინც გაგვაფრთხილონ, რომ არ შეიძლება ამ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოშვება უსაფრთხოების რისკების გამო. ხომ არ შეიძლება ასე, ადამიანების შეზღუდვა სრულიად უსაფუძვლოდ.
როგორ აღმოფხვრათ ეს, რომ აღარ იყოს ასეთი უმსგავსობა? სხვაგვარად რაღა აზრი აქვს ან საშვების სისტემას ან საზოგადოდ, პარლამენტში ადამიანების მოწვევას, თუკი უცებ გადაწყვეტს ვიღაც, რომ აღარ უნდა შემოუშვას. რა უსაფრთხოების რისკს ქმნის ეს ხუთი ადამიანი?!“ – მიმართა ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას.
კუჭავამ კი ჯაფარიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა, ვინც მათზე დაშვებული საშვებით პარლამენტში შევიდნენ, წინა სასესიო სხდომების ჩატარებას შეუშალეს ხელი. სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტეს, რომ მიწვეული სტუმრები შენობაში აღარ შეეშვათ.
„ბატონო ბადრი, თქვენ გახსოვთ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა. გახსოვთ როგორ წარიმართა? ერთ-ერთი, სამწუხაროდ, ჩაიშალა კიდეც. წესრიგი უნდა უზრუნველვყო მე და, სამწუხაროდ, არც დღეს ხდება და არც გუშინ მხოლოდ, წლებია მოქმედებს შესაბამისი უსაფრთხოების წესრიგი, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე“, – თქვა კუჭავამ.
ბადრი ჯაფარიძემ კი კუჭავას საპასუხოდ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციის ჩატარებას გეგმავდნენ და არა სესიაზე დასწრებას, თუმცა პარლამენტში ისინი მაინც არ შეუშვეს.
„სინამდვილეში აქ არ იყო საუბარი არანაირ სხდომაზე ან შემოსვლაზე. ლაპარაკი იყო პრესკონფერენციის ჩატარებაზე, რისთვისაც ეს ადამიანები იყვნენ დაპატიჟებული. ეს ზედმეტ, უსარგებლო დაძაბულობას ქმნის“, – უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ კახა კუჭავას.
პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების არშეშვებას გამოეხმაურა ბიუროს სხდომაზე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც.
სამნიძის თქმით, მაშინ როცა „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით პარლამენტის ტრიბუნიდან ჩამოყვანას გენდერულ საბჭოზე განიხილავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საბჭოსთან თანამშრომლობენ, დღეს განცხადებაზე ხელის მოსაწერადაც კი არ შეუშვეს.
„მე ხელთ მაქვს განცხადება, რომელიც უკვე დარეგისტრირდა ბატონი კახას სახელზე და თქვენ ეს ქალები არ შემოუშვით.
აქ ხელმომწერები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „ქალების საერთო მომავლისთვის“, „ქალები საქართველოდან“, კავშირი „საფარი“, „ქალთა ფონდი საქართველოში“ – გეცნობათ ხომ? ფონდი „ტასო“, „თანასწორობის ცენტრი“, „ახალგაზრდა ფემინისტები“, „ფემინა“, „პროგრესის ცენტრი“ და ა.შ. მეტს აღარ ჩამოვთვლი.
ეს ყველა ის ქალთა ორგანიზაციაა, რომლებიც თანამშრომლობს გენდერულ საბჭოსთან და რომლებსაც აუცილებლად მოიწვევთ. მაგრამ მათი პოზიცია აი, მე ხელთ მიჭირავს და ისინი მოვიდნენ დღეს პარლამენტთან, არა სასესიო დარბაზში შესასვლელად ან სესიაზე დასასწრებად, იმიტომ, რომ ეს არ არის სასესიო თემა, არამედ ამ განცხადებაზე ხელის მოსაწერად“, – განაცხადა სამნიძემ.