ძლიერი წვიმის გამო მაღალმთიან რეგიონებში გზები დაზიანდა და მოძრაობა შეზღუდულია

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი ლენტეხი- ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ ხიდი და საავტომობილო გზა დააზიანა. რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, ასევე, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს მარცხენა ბურჯის საყრდენი გამოურეცხა. აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.