ჩვენ, როგორც ბრიყვნი, ვისხედით ხელმოწერილები, ხელ-ფეხშეკრულები - წულუკიანი მიშელის დოკუმენტზე

პუბლიკა

საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია „მაესტროს” ეთერში, გადაცემა „უცნობის კიდობანში” საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ თქვა „ქართულმა ოცნებამ” უარი შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებზე.

მისი თქმით, „როდესაც „ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და მოწერამდე მოლაპარაკებაში შევიდა „ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის რამდენიმე დანაყოფთან, ამით ძალიან დიდი წყენა მიაყენა საკუთარ ამომრჩეველს”.

მინისტრი ამბობს, რომ „უფრო მეტიც, გაანაწყენა არა მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი, არამედ საზოგადოების ფართო ფენები. ბევრმა ადამიანმა, ვისაც ახსოვს, რით არის მოპოვებული ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ეს აღიქვა, როგორც საკუთარი სუვერენიტეტის დათმობა, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტის არაერთი წინადადება და ნორმა, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ წესრიგს არეგულირებს (ცოტა კორექტულად ვიტყვი), ცოტა სხვანაირად, ვიდრე ჩვენს კონსტიტუციაში წერია”.

წულუკიანის აზრით, „ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ნორმალურ სიტუაციაში ხელი არ უნდა მოეწეროს არაფრის დიდებით, მაგრამ გავანაწყენეთ ამომრჩეველი და გაუგებარი ნაბიჯი გადავდგით იმიტომ, რომ როგორმე ვითარება დამშვიდებულიყო”.

“…მეც და პარტიის აქტივს რომ ეძახიან, მათაც, გვქონდა განცდა, რომ ეს ხელის გადაგრეხვის მომენტია.

ავიღეთ უამრავი პასუხისმგებლობა. რეალურად „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დათმობას და ხელისუფლების გაყოფას პარლამენტში. არაერთი კომიტეტი უნდა გადაგვეცა ოპოზიციისთვის, ამან სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია.

ჩვენ, როგორც ბრიყვნი, ვისხედით ხელმოწერილები, ხელ-ფეხშეკრულები და ვაკვირდებოდით, რომ დოკუმენტმა მოიტანა უკუშედეგი.

იყო განცდა, რომ კიდევ ერთხელ გამოვიჩინეთ სისუსტე, მაგრამ ახლა ალბათ უნდა გვჯეროდეს, რომ მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო.

„ქართულმა ოცნებამ” მიიღო ძალიან ჯანსაღი გადაწყვეტილება და დავბრუნდით ნორმალურ საპარლამენტო ჩარჩოში” – ამბობს კულტურის მინისტრი.


28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.