პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ წყალტუბოში ვიზიტისას განაცხადა, რომ წყალტუბოს განვითარებისთვის მის პარტიას ცალკე გეგმა ექნება. „საცოდაობაა ახლა ეს, რაც აქ ხდება, ასე უფუნქციოდ, უსაქმოდ და უსაგნოდ იყოს“, – თქვა გახარიამ.
„აქ ძალიან დიდი შესაძლებლობებია – ტურისტული შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობა…უკვე გვაქვს დაწყებული წყალტუბოს ბიუჯეტი რა არის, რითი ივსება ეს წყალტუბოს ბიუჯეტი და როგორ იხარჯება.
რამოდენიმე წერტილს ვიპოვით, როგორ უნდა გაიზარდოს წყალტუბოს ბიუჯეტი, ეს ფული, რომელიც წყალტუბოს ბიუჯეტის შემოსავალია, ხალხს როგორ უნდა მოხმარდეს, ამასაც გადავწყვეტთ.
ეს უნდა იყოს კონკრეტული პროგრამა, რითიც ადგილობრივი ხელისუფლების, ხელისუფლების მოპოვების პრეტენზია ვისაც აქვს, ამ ხალხმა ეს ზეპირად უნდა იცოდნენ ყველაფერი… უკვე ლაპარაკის დრო აღარ არის. საქმეა საკეთებელი და მით უმეტეს აღარ არის დრო ერთმანეთის ლანძღვა-გინების.
ახლა ჰო ხედავთ, ტელევიზორი სადაც არ უნდა ჩართო, სულ ერთმანეთის ლანძღვა, გინება, ქაოსი… არავის ახსოვს ადამიანი. ბოლო ერთი კვირის და თვის კი არა, 1 წლის განმავლობაში საერთოდ ადამიანი და დღევანდელი პრობლემები საერთოდ გაქრა ტელევიზიიდან და საერთოდ პოლიტიკიდან. ამიტომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი უნდა დავაბრუნოთ. არ იქნება ეს მარტივი, ამ ყველაფერს ბევრი შრომა დასჭირდება, მაგრამ ამას ჩვენს გარდა მაინც არავინ გააკეთებს.“- ამბობს გახარია, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
წყალტუბო პრემიერ გახარიას სამთავრობო პროგრამაშიც იყო მოხსენიებული. მთავრობა რეგიონებში ეკონომიკური აქტივობისთვის ტურიზმის მიზიდულობის ცენტრის შექმნას აპირებდა, მათ შორის წყალტუბოში.
წყალტუბოში სანატორიუმების და აბანოების გამოსყიდვა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 29 ოქტომბერს დააანონსა.
ამავე წლის 11 ნოემბერს წყალტუბოს განვითარების გეგმის პრეზენტაცია შედგა, რომელიც კურორტის გენერალური გეგმის მომზადებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ღირსეული პირობების შეთავაზებას, კურორტის ერთიან ადმინისტრირებას, მარკეტინგულ გეგმას და სამკურნალო წყლის მართვას ითვალისწინებდა.
2021 წელს „ანტრეპრენერთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა მისი „სოციალური მეწარმეობის“ კონტექსტში, შეკვეთილისა და აბასთუმნის გვერდით, კიდევ ერთხელ ახსენა პერსპექტივა, რომლითაც „წყალტუბოს განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცა“.
2021 წლის 25 მაისს კი გავრცელდა ცნობა, რომ წყალტუბოში 5 სანატორიუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.