ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ექიმი, გიორგი ჭინჭარაული წერს, რომ დღეს ბრუნდებიან საქართველოში, მაგრამ მოუწოდებს გულშემატკივრებს, არ დახვდნენ აეროპორტში, ეპიდსიტუაციის გამო.
„ვხედავთ, ვგრძნობთ, ყველა თქვენგანის გვერდში დგომას და ქომაგობას. მივიღე უამრავი მოლოცვა, რაზეც ლაშაც და მეც გიხდით უდიდეს მადლობას.
ახლა მთავარი! ბევრი მეკითხება ჩამოსვლის დროს. ბევრმა გამოთქვა დახვედრის სურვილი.
ქვეყანაში გამძაფრებული ეპიდსიტუაციის გამო, ჩემს მეგობრებს და ნათესავებს მოგმართავთ თხოვნით, დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში! ვიცი, რომ გიხარიათ. ვიცი, რომ გინდათ ლაშასთან ფოტოები, გინდათ პირადად მიულოცოთ, მაგრამ ჩემი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშას აზრიც ასეთია, სხვა დროს, სხვა შეჯიბრების შემდეგ… დღეს არ გვეწყინება! პირიქით! მოხარულები ვიქნებით, თუ გაუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – წერს ის.
ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველმა რეკორდსმენმა, მძიმეწონოსანმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ აკვრაში 245 კილო ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე მან, აკვრაში 265 კგ-ს სძლია და ატაცში დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდეგ მორიგი რეკორდი აკვრაშიც დაამყარა. საერთო ჯამში კი 488 ქულა მოაგროვა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
მანამდე ტალახაძემ ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 208 კგ შეუკვეთა და იოლად ასწია, მეორეზე 215 კილოგრამს შეუტია. მისი აწევა ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პირველი ოქროს მედალი მან, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.