15 წელი მიესაჯა კაცს, რომელმაც საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო ცოლი მოკლა - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.მ. იმავე დღეს დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.