სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ეკონომიკის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა უწყების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამენია ქ.ზუგდიდში კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე,  დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების საქმეზე დამნაშავედ იქნა ცნობილი.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი  ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება“, – წერია პორკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ გამოიწვია პრივატიზებული  ტერიტორიის გავერანება.

„დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის  ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.