სასწრაფოს ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – კლინიკის წარმომადგენელი

პუბლიკა

სასწრაფო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი – მძღოლი, მედდა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც კლინიკაში გადაჰყავდათ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 5 სექტემბერს, მეტროსადგურ 300 არაგველის მიმდებარედ მოხდა.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლმა თვითნებურად დატოვა კლინიკა და ყველანაირ გამოკვლევაზე უარი განაცხადა. მედდას გამოკვლევის შემდეგ დაუდგინდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. ამ ეტაპზე პაციენტი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ პაციენტს – მისი მდგომარეობა არის მძიმე, აქვს ქალატვინის დახურული ტრავმა, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვების დაჟეჟილობა, ორმხრივი კეროვანი მწვავე პნევმონია. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – აცხადებს ინგოროყვა საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.