კომუნიკაციების კომისიამ 9 სექტემბერს ჰომოფობიურ, ულტრამემარჯვენე არხ „ალტ-ინფოს“ ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის ნებართვა მისცა. ძალადობრივი პლატფორმის მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე 15 სექტემბრიდან გავრცელდება. „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე იქნება, მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა კი 12 საათს შეადგენს.
ორგანიზაცია „მედიის უფლებების“ ანგარიშის თანახმად, არხის ლიცენზიის მოდიფიცირების პროცესში კომისიის წევრებს კითხვები არ დაუსვამთ. მაგალითად, კომისიას არ გამოუკვლევია განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია ეროვნული გავრცელებისათვის საჭირო ხარჯებისა თუ დაფინანსების წყაროების შესახებ.
„მით უფრო, როცა კომისიის ვებგვერდის მიხედვით, მაუწყებელმა 2021 წლის მეორე კვარტალში კონტენტის რეალიზებიდან 2,550 ლარი მიიღო, ხოლო მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა 20 939 ლარია.
რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალს, კონტენტის რეალიზება კომპანიამ 850 ლარად შეძლო, ხოლო მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა 7 366 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ტარიფი 1მგბ/წმ-ით გავრცელებისთვის 8900 (რვა ათას ცხრაასი) ლარი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ის გარეშე. სტანდარტული გარჩევადობის ხარისხის (SD) მისაღებად კი საჭიროა მინიმუმ 2.15 მგბ/წმ, რაც კვარტალში 57 400 ლარს აღემატება.
„მედიის უფლებების“ ცნობით, ამ საქმისგან განსხვავებით, წინა მსგავს შემთხვევებში კომისიამ გამოიკვლია/იმსჯელა კომპანიების შემოსავლებსა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობაზე:
„კომისიამ უარი უთხრა ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციას“ ონლაინ მაუწყებლად ავტორიზაციაზე და მოითხოვა მისგან აუდიტორულად დამოწმებული ცნობა საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ასევე აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებული ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ კანონში მითითება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის თაობაზე არ ყოფილა.
კომისიამ დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციების წარუდგენლობა ერთ-ერთ ხარვეზად მიიჩნია „ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაშიც“, – აღნიშნულია „მედიის უფლებების“ ანგარიშში.