ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები ინდოელი სტუდენტების მიმართ კვლავ დისკრიმინაციულია და შეიცავს სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ინდოეთის მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, უკვე თვეებია ვერ ახერხებენ ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. მათთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საფუძვლით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული, არაგონივრული და დისკრიმინაციულია.
2021 წლის 15 აპრილს, პანდემიის საკითხებზე შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა ხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. თუმცა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2021 წლის 15 აპრილის შემდგომ, ინდოეთიდან საქართველოში ჩარტერული რეისი არ შესრულებულა.
„2021 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, ინდოეთში მყოფ სტუდენტებს აცნობეს, რომ მათთვის საქართველოში დაბრუნება კვლავ მხოლოდ ჩარტერული რეისით იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩარტერულ რეისს, საქართველოსა და ინდოეთის მთავრობების კოორდინაციის შედეგად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, ექსკლუზიურად მხოლოდ ავიაკომპანია “GLOBENGEL” განახორციელებს. მგზავრობის ღირებულება კი სტუდენტებისთვის შეადგენს 28,000 ინდურ რუპიას, რაც დაახლოებით 380 აშშ დოლარია.
გარდა ამისა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, საქართველოში ვიზიტამდე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის მიუხედავად, ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. საგულისხმოა, რომ სხვა არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ ექვემდებარება მსგავს შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს, ვაქცინაციის სრული დოზის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.
ამასთან ერთად, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულია თბილისში მდებარე კონკრეტული კოვიდ სასტუმროები (Just Inn, Tbilisi Inn, Appart Hotel), რომლებშიც სტუდენტებს კარანტინში დარჩენა მოუწევთ. სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ჯამური ღირებულება 600 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ერთადგილიანის – 800 აშშ დოლარს. აღნიშნული ხარჯის გაღება კი სტუდენტებს ევალებათ, “- ნათქვამია ორგანიზაციისმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
TDI-ში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 15 აპრილს ინდოეთიდან მომავალი პირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები არის დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და შესაბამისად, დისკრიმინაციული.
ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება TDI-მ ჯერ კიდევ 15 აპრილს გაავრცელა: „ გაურკვეველია თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აუცილებლად ჩარტერული რეისით სტუდენტების შემოსვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით მთავრობის N322 დადგენილებაში არსებული რეგულაცია და რატომ არ გაუქმდა ის ამ დრომდე. ჩარტერულ ფრენასა და კოვიდ სასტუმროებთან დაკავშირებული სქემა კი სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.”
TDI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- მოიხსნას ინდოეთის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ ფრენასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა, და მათ მიეცეთ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვილს საშუალება;
- გაუქმდეს ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტების მიმართ სავალდებულო 14-დღიან კარანტინთან დაკავშირებით დადგენილი დისკრიმინაციული შინაარსის რეგულაციები.