ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
ელჩის თქმით, დაკვირვება იქნება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდზეც.
აშშ-ის ელჩი საქართველოს მშვიდი და წყნარი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს.
„მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეებში ვიხილე საარჩევნო გამოკითხვები, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ დიდი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა არჩევნებზე. ძალიან კარგია, როდესაც ხალხს სურს, მივიდეს უბანზე და გამოხატოს თავისი პოზიცია და იმედი მაქვს, იქნება მშვიდობიანი და წყნარი გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს უბნებზე არჩევნის საშუალება მიეცეთ.
ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა დაშინება, შევიწროება და ვთქვით და ვიმეორებთ, რომ არჩევნების პერიოდში და ზოგადად არ არის ასეთი ფაქტების ადგილი. ასეთი ფაქტები და სიძულვილის ენა ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო დაშორებას.
მიუღებელია თავდასხმები მედიის წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. მედიამ უნდა შეძლოს საქმიანობა მშვიდ გარემოში, მოქალაქეების ინფორმირება, იმისთვის, რომ მოქალაქეებს შეეძლოთ, ინფორმირებული არჩევნის გაკეთება. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება, ეს იქნება ნიშანი ქვეყნის ერთგულებისა დემოკრატიული განვითარების მიმართ და იმედი მაქვს, ამ არჩევნებზე ასე იქნება.
საელჩოს ეყოლება დაახლოებით 100 დამკვირვებელი, ეს არის არაფორმალური დაკვირვება, თუმცა ვიცით, რომ ამ არჩევნებს დააკვირდება ძალიან ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისთვის. პროცესების მიმართ ყურადღება იქნება დიდი და ეს არ შეეხება მხოლოდ არჩევნების დღეს. ეს შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მშვიდი, წყნარი გარემოსკენ არჩევნების პერიოდში“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა. [ელჩის თარჯიმნის თარგმანი]