„ფორმას გაგხდით“ - იყო აგრესიული საუბარი, მაგრამ არა დანაშაული - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, ლევან იზორიას ძმის დაკავებისას მომხდარი ინციდენტის შესახებ მათ თავიდანვე იცოდნენ. მაგრამ, გომელაური მიიჩნევს, რომ ეს „უმნიშვნელო ინციდენტი“ იყო მსგავსი შემთხვევები პოლიციას ძალიან ბევრი აქვს.

„ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც მოხდა, ვიცოდით. გავიგეთ, რომ გააჩერეს და რაღაც უმნიშვნელო ინციდენტი მოხდა, მე ასე ვიტყოდი. იქ არ მიდის არც ხელის შეხება, არც გინება. ასეთი პრეცენდენტი ხდება ძალიან ბევრი, თუნდაც აქციების დროს ამაზე ათჯერ უფრო მძიმე შემთხვევები ხდება და არ ვაკავებთ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაურის აზრით, მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ძმა იყო აგრესიული, თუმცა პოლიციელებისთვის ნათქვამი ფრაზები, მათ შორის „ფორმას გაგხდით“ შეურაცხმყოფელი არ იყო და მას დანაშაული არ ჩაუდენია. თანაც, მისი თქმით, ვიდეოჩანაწერში არ ჩანდა ინციდენტის პრეისტორია. „რა უძღოდა იმ ვიდეოს წინ, ეს არ ჩანს. რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული“, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გომელაური ადასტურებს, რომ კიტა იზორიას ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა. თუმცა, რის გამო მისცეს ლევან იზორიას ძმას, ამ კითხვაზე გომელაური არ პასუხობს. შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელის გიორგი დვალიშვილის დევნას უარყოფს, მისი თქმით, საპატრულო პოლიციაში გატარებული რეფორმის გამო მას უბრალოდ სხვა თანამდებობაზე უწევდა გადასვლა.

„დღეს რომ მინისტრი ვარ, ხვალ შეიძლება მითხრან, რომ მოადგილედ უნდა გადახვიდე ამა და ამ სამინისტროში. გუნდს ეს სჭირდება, პრემიერმა და მთავრობამ ასე გადაწყვიტა. მე არ უნდა გამოვვარდე ჩანაწერებით, ეს არასწორია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.