არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ (TI) საზოგადოებას 2 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვების შედეგები გააცნო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.
როგორც ორგანიზაცია ამბობს, წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების შედეგები აფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა აღმოაჩინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვეს.
„ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა, რაც მისივე პრაქტიკის გაუარესებაა“, – ამბობს TI.
გაგაცნობთ ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებს:
ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემა
მარნეულის საარჩევნო ოლქის ორ და ნინოწმინდის ოლქის ერთ უბანზე ჩვენმა დამკვირვებლებმა ერთი და იმავე პირის მიერ ხმის რამდენიმეჯერ მიცემის რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირეს, რაც აღბეჭდეს ვიდეო/ფოტო კადრებზე.
ძალადობა
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით, მისი პარტიის ერთ-ერთი აგიტატორი „ქართული ოცნების” აგიტატორმა მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა.
ჟურნალისტების შეურაცხყოფა
დღის განმავლობაში რამდენიმე ჟურნალისტს საარჩევნო უბნების გარეთ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ბოლო ორი არჩევნების დროს პრობლემური ტენდენციის ხასიათი მიიღო.
შედეგების შეჯამება
ზუგდიდის, საბურთალოს, ნაძალადევისა და ფოთის საარჩევნო ოლქების უბნებზე კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. კომისიამ მხოლოდ ოქმის ასლი შეავსო, საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა და ორიგინალის შევსებისგან თავს იკავებდა. მსგავსი შემთხვევების შესახებ საუბრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული, შემაჯამებელი ოქმების შევსებამდე ისინი საოლქო კომისიებისთვის ეჩვენებინათ. მსგავს პრაქტიკას არ ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსი და საუბნო კომისიების კომპეტენციაში არაგონივრულ ჩარევად შეიძლება მივიჩნიოთ.
დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა
როგორც კენჭისყრის, ისე არჩევნების შედეგების შეჯამების ეტაპზე ჩვენი დამკვირვებლის საქმიანობის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზეწოლის ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა სამართალდარღვევებში
ორგანიზაცია „კავშირი მწვანე დედამიწის” რამდენიმე დამკვირვებელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და ჩვენს დამკვირვებელს საქმიანობაში ხელს უშლიდა. ცესკოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ ორგანიზაციას ჯამში 3,213 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული. „საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის“ დამკვირვებელმა ტოფიგ აკბეროვმა მარნეულის მე-13 უბანში რამდენჯერმე მისცა ხმა. ორგანიზაციას 894 დამკვირვებელი ჰყავს. “საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის” წარმომადგენელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და სავარაუდოდ ზემოქმედებდა ამომრჩევლის ნებაზე. ამ ორგანიზაციას 483 დამკვირვებელი ჰყავს. ორგანიზაცია „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველომ” დამკვირვებლად დაარეგისტრირა ”ქართული ოცნება-მრეწველების” ახალციხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც კანონის დარღვევით იმყოფებოდა უბანზე – საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა. ამ ორგანიზაციას სულ 2,338 დამკვირვებელი ჰყავს დარეგისტრირებული.
კენჭისყრის ფარულობის დარღვევა
ხუთ უბანზე კენჭისყრის ფარულობის განმეორებით დარღვევებს ჰქონდა ადგილი, როდესაც კონკრეტული პირები საარჩევნო კაბინაში მიყვებოდნენ ამომრჩევლებს ან ქონდათ ამის მცდელობა.
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
დუშეთის ერთი უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებელმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირა. გარდა ამისა, მედიით გავრცელდა რამდენიმე სავარაუდოდ მსგავსი შემთხვევის შემცველი ფაქტი.
ახალი საარჩევნო კაბინების ხარვეზი
თბილისის ოლქებში ახალი დიზაინის კენჭისყრის კაბინები იქნა გამოყენებული, რომელთა წინა ნაწილი ამოჭრილი იყო. ამ კაბინების გამოცდის მიზანი – აღეკვეთა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების და მისი უბნიდან გატანის შემთხვევები, ლეგიტიმური იყო, თუმცა, განსაკუთრებით მცირე უბნებზე მსგავსი კაბინები დისკომფორტს უქმნიდა ამომრჩეველს კენჭისყრის ფარულობის დარღვევის რისკების გამო. მსგავსი კაბინების გამოყენება კიდევ უფრო პრობლემური შეიძლება იყოს რეგიონებში, სადაც ამომრჩეველი მეტად დაუცველია ზეწოლისგან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რეკომენდაციებსა გასცემს:
რეკომენდაციები
- სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;
- საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე;
- კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მაღალი რისკის გამო ახალი დიზაინის კაბინების გამოყენება გადახედვას საჭიროებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მსჯელობა ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხის შესამცირებლად;
- საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.