საიას შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას პროცედურული ხარვეზები გამოვლინდა კენჭისყრის დღის სხვადასხვა ეტაპზე. დღის განმავლობაში ზოგ უბანზე არსებულ დაძაბულ ატმოსფეროს შეეძლო, გავლენა მოეხდინა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.
ორგანიზაციის ცნობით, კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
- ამომრჩევლის ნების კონტროლი (დღის განმავლობაში არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა პირთა კონცენტრაცია, რაც კენჭისყრის მიმდინარეობისას თვალთვალის გარემოს ქმნიდა და ხელს უშლიდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას);
- 100-მეტრიანი რადიუსის წესის დაცვასთან დაკავშირებით გამოძახებული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არ იღებდნენ სათანადო ზომებს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საპატრულო პოლიცია გამოძახების ადგილას არც კი მისულა;
- ცალკეულ უბნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევა;
- მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევა, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა მარკირების გარეშე ან/და ერთი და იმავე პირის მიერ ხმის ორჯერ მიცემის, ასევე არასათანადო დოკუმენტაციით უბანზე დაშვებისა და ხმის მიცემის ფაქტები;
- საარჩევნო ყუთში არაუფლებამოსილი პირების მიერ კონვერტების მოთავსების ერთეული შემთხვევები;
- გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევა;
- გადასატანი თუ ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობასთან დაკავშირებული ცალკეული დარღვევები;
- კომისიის წევრების მხრიდან კონკრეტული საარჩევნო სუბიექტისთვის მხარდაჭერის მოწოდებისა და აგიტაციის აკრძალვის წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა.