ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში – წულუკიანი II ტურზე

პუბლიკა

„მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურისა და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების და კაციჭამიების და ლეშიჭამიების ხელში, ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.

„კარგია მეორე ტური. ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას ჩვენს ქვეყანაში მეორე ტურში მონაწილეობა მიიღოს. სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ამას გისამძიმრებთ [მიმართა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს].

მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით და „ორგანიზებულიო“ – ასე თქვა საერთაშორისო დამკვირვებელმა. ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის“, – განაცხადა მინისტრმა.

ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის შედეგებით, ხმების 43.35% ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა კი – ხმების 41.49%. მეორე ტური სწორედ მათ შორის გაიმართება.