ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი და მე მას არ ვეტყვი, ვის მისცეს ხმა - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის თავის ამომრჩეველს არ მოუწოდებს, რომელიმე პარტიას მისცეს ხმა. ამის შესახებ გახარიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან მხარდამჭერებს ნდობის, სიმტკიცისა და ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. ექსპრემიერმა, მისი თქმით, გაუგონარი წნეხის მიუხედავად, მისი მხარდამჭერების არჩევნებზე მისვლა თავდადებად შეაფასა.

გიორგი გახარიამ 2 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ მმართველი პარტია სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების გამოყენებით,  ზეწოლას ახდენდა მის მხარდამჭერებზე.

მან კიდევ ერთხელ უწოდა სააკაშვილის ჩამოსვლასა და დაკავებას მასკარადი და განაცხადა, რომ „ეს იყო წარსულის 2 პოლიტიკური პარტიის მიერ დაგეგმილი ერთობლივი სპეცღონისძიება, რომლის მიზანი იყო, შეცდომაში შეეყვანა ამომრჩეველი“.

„არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, „კარუსელებს“, ამიტომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც ის ამბობს, სახელმწიფო ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას, ამიტომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნება განპირობებული.

გახარიას შეფასებით ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად შეიქმნა ბერკეტი, რომლითაც ორპარტიული მმართველობის დამარცხებაა შესაძლებელი.

გახარიას თქმით, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ერთადერთი სამოქმედო პრინციპი იქნება, რომ არ დაუშვან ერთპიროვნული მმართველობა.

„ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება“, – თქვა მან.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მივიდნენ მასთან და გაერთიანდნენ სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად.

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტიურად თქვა, რომ წინააღმდეგია რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის და მომხრეა ძალაუფლების დაბალანსების. ჩვენ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი“ –  ასე უპასუხა ექსპრემიერმა მედიის შეკითხვებს, რას მოუწოდებს თავის ამომრჩეველს II ტურის წინ.


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ თავის ამომრჩეველს არ მოუწოდებს რომელიმე პარტიის მხარდაჭერისკენ. „ლელო“ და „ევროპული საქართველო“ მხარდაჭერას ოპოზიციის კანდიდატებს უცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ კი არჩევნებამდეც შეთანხმებულები იყვნენ საერთო კანდიდატებზე.