არც ჩვენ დავახევთ კალთებს გახარიას თანამშრომლობისთვის - მდინარაძე

პუბლიკა

გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში არც ენმ-სა და არც „ოცნების“ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

„არც ჩვენ დავახევთ კალთებს გიორგი გახარიას თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს, რომ წინ არის მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. მეორე ტურში დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება, რომელიც მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე რეფერენდუმთან მიმართებაში გასცემს საკადრის პასუხს.

როდესაც რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფი კადრულობს იმას, რომ წინასწარ შემოდის წაგებულ თამაშში იმიტომ , რომ ხმები გამოართვას, წაართვას „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, მისი მხრიდან მსგავსი ლოგიკა, როგორც მინინმუმ მარტივად, რომ ვთქვათ, მისაღები არ არის. ბევრი ნამდვილად არ არის ოლქები, სადაც შეიძლება უმრავლესობა ვერ შევქმნათ, ერთი არის ასეთი და შეიძლება ეს იყოს ზუგდიდში, სხვაგან ჩვენ უმრავლესობას დავაკომპლექტებთ. ზუგდიდშიც ვნახოთ როგორ იქნება . ჩვენ ამ უმრავლესობით ვაპირებთ საქმე გავაკეთოთ, სხვები აპირებენ არეულობას“, – განაცხადა მდინარაძემ.