დოლიძე მეორე ტურთან დაკავშირებით პოზიციას მხარდამჭერებთან კონსულტაციის შემდეგ იტყვის

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე, რომელიც თბილისის მერობისთვის იყრიდა კენჭს და ცესკოს მონაცემებით, მე-4 ადგილი დაიკავა 4.59%-ით, აცხადებს, რომ II ტურთან დაკავშირებით პოზიციას მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გამოხატავს.

დოლიძის თქმით, სოციალურ ქსელში ჩატარდება გამოკითხვა, ასევე გაივლიან პირად კონსულტაციებს და ამის შედეგად შეჯერდება პოზიცია.

„ვთავაზობთ ჩვენს წევრებსა და ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს, მეორე ტურთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციებს. როდესაც დავუკავშირდებით პარტიის თითოეულ წევრს, ამომრჩეველსა და მხარდამჭერს, ვაწარმოებთ კვლევას სოციალურ ქსელით და პირადად, რათა გავიგოთ ყველას პოზიცია, როგორ უნდა მოიქცეს პარტია.

პირველად ყველა წარმოდგენილი პარტიებიდან, ვიღებთ გადაწყვეტილებას არა ერთპიროვნულად, როგორც ხდება ხოლმე ქვეყანასა და პარტიებში, არამედ გადავწყვეტთ ხალხთან ერთად.

კონსულტაციების შედეგად, ერთი კვირის განმავლობაში ჩამოვყალიბდებით და სწორედ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებთან გაზიარებულ პოზიციას შემოგთავაზებთ“, – განაცხადა დოლიძემ.

თბილისში არჩევნების მეორე ტური „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახი კალაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის გაიმართება. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ. მისი პოზიცია მეორე ტურთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. ის არ აპირებს, თავის ამომრჩეველს რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს. არჩევნების შედეგებით, მერობისთვის ბრძოლაში მეოთხე ადგილი ანა დოლიძემ დაიკავა.