არჩევნების დღე წარიმართა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, გამოძიებული უნდა იყოს ცნობები მოსყიდვაზე | ევროპარლამენტარების შეფასება არჩევნებზე

პუბლიკა

ევროპარლამენტართა ჯგუფი საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა.

ევროპარლამენტარების – მარია კალიურანდის, სვენ მიკსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ჩაატარა კონკურენტული და კარგად ორგანიზებული არჩევნების პირველი ტური, მკვეთრად პოლარიზებული გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად.

თუმცა ევროპარლამენტარები წერენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არ უზრუნველყოფდა კანდიდატებისა და პარტიებისთვის თანაბარ პირობებს, ხოლო მთავარი აქცენტი ადგილობრივიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები აჩვენებს, რომ ძალა დაკარგა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნამ შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რადგან მმართველმა პარტიამ 43%-იანი დათქმული ბარიერი გადალახა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნებისთვის გაუმჯობესდა საკანონმდებლო ჩარჩო. ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანის ფართო შესაძლებლობა, ხოლო არჩევნების დღე წარიმართა გამჭვირვალედ და წესების დაცვით, მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა მთელი პროცესის განმავლობაში.

ევროპარლამენტარები პოზიტიურად აფასებენ ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩვენებასაც, რომელიც ამ არჩევნებზე დაინერგა.

მეტად კრიტიკულადაა შეფასებული წინასაარჩევნო პერიოდი. ევროპარლამენტარების განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია გაზრდილი პოლარიზაციით წარიმართა პოლიტიკურ ველზე თუ მედიასივრცეში, რაც რიგ შემთხვევებში ვერბალურ და მეტიც, ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

„ძალიან ხშირად პერსონალური თავდასხმა ანაცვლებდა პოლიტიკურ დებატებს, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის საშუალებას ართმევდა.

საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული გავრცელებული ცნობები ხმების ყიდვასა და მოსყიდვასთან, ასევე საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებასთან, კანდიდატების, ამომრჩევლისა და ჟურნალისტების დაშინებასთან დაკავშირებით“, – წერენ ევროპარლამენტარები.

ასევე, ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ მეტად უნდა გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და უნდა გაითვალისწინონ ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, საჯარო რესურსების გამოყენებასა და დავის გადაწყვეტას ეხება.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ უნდა გაიზარდოს ქალების წარმომადგენლობაც.

ევროპარლამენტარები მეორე ტურის წინ მოუწოდებენ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაასრულონ პირველი ტურისთვის არსებული მავნე პრაქტიკა, რაზეც საუბარი იყო მათ განცხადებაში. აჩვენონ მაღალი პოლიტიკური კლასი და გადალახონ კონფრონტაცია.