გახარია „ოცნებასა“ და ენმ-ს სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატს სთავაზობს

პუბლიკა

დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია, სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატი შესთავაზა. მან ასევე აღნიშნა, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში პარტია „საქართველოსთვის“ არ გეგმავს „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნას.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ როგორც „ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიას სთავაზობს და ცდილობს ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიონ შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს საკრებულო.

„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრიდან „ოცნება“ ცდილობს სხვადასხვა ზემოქმედებით, სხვადასხვა ბინძური მეთოდით, მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნამიმართულად და მიზნად ისახავს, მსხვილ ქალაქებში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული საკრებულოები, რაც ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი, მაგრამ, მეორე მხრივ, გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტების დონეზე, ქალაქებმა და საკრებულოებმა უნდა იფუნქციონირონ,  ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება, საკარებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება. ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ ნებისმიერ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში; ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ. ეს არის ის დავალება, რომელიც მოქალაქეებმა ჩვენ მოგვცეს ისე, რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრეტენზია, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობას ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, პარტია „საქართველოსთვის“ იმოქდებს მისთვის ფუნდამენტური პრინციპით – „ძალთა ბალანსის [პრინციპით], რომ არ დავუშვათ არცერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია“.