მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ – ზურაბიშვილი

პუბლიკა

„შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის წესზე საუბრობდა.

„2019 წლის გაზაფხულზე პარლამენტმა შეცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და წარდგენის წესი, რათა უზრუნველეყო კანდიდატების გამჭვირვალე და პროფესიული შეფასება. პარლამენტმა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული 5 რეკომენდაციიდან ოთხი გაითვალისწინა. შერჩევის პროცესი დადებითად შეაფასა ყველა დაინტერესებულმა მხარემ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ. გასაუბრებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პარლამენტმა, ასევე, გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სრულად არ შეავსო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. დაინიშნა მხოლოდ 14 წევრი (აქედან, უზენაესი სასამართლოს 2 მოქმედი მოსამართლეა). პროცესს შემდეგი პარლამენტი დაასრულებს. დღევანდელი მდგომარეობით, 22 წევრიდან 9 ქალი მოსამართლეა (40%). კრიტიკა გამოითქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოყენებული კრიტერიუმების მიმართ, რაც მომავალში უნდა გამოსწორდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ნოემბერში სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების (კონსტიტუციის 25-1), სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს (კონსტიტუციის 31-1 პირველი წინადადება) და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს (კონსტიტუციის 31-1).