„საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, იცნობს თუ არა კომპანია Ipsos-ის წარმომადგენლებს. კალაძემ ნიკა გვარამიას ბრალდებას, რომ ის კორუფციულად გაურიგდა Ipsos-ის წარმომადგენელს ასე პასუხობს:
„ეს არ არის სიახლე, რადგან ეს არის ყველაზე ბინძური ადამიანი, ვინც კი შეიძლება გაიფიქრო – ეს არის გვარამია, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ კალაძის პირადი მტერი ვარო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კალაძე გავანადგუროო. მე ეს გამოწვევა მიღებული მაქვს. ასე რომ ყველაფერი წინ გვაქვს. ეს გამოწვევა მიღებულია. საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს. თუკი რამე სიბინძურე შეიძლებოდა ადამიანს მოეფიქრებინდა, ყველაფერი მაკადრეს – მეც, ჩემს მეუღლეს, დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს მცირეწლოვან შვილებს, რომლის ბანერებსაც წითელი საღებავები შეასხეს. გასაგებია ყველაფერი, ეს არის უბინძურესი ადამიანების სექტა, რომელსაც გვარამია ხელმძღვანელობს“, – თქვა კალაძემ.
„მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ ხვალ ეგზიტპოლს მაინც ჩაატარებს კომპანია Ipsos-ის მონაწილეობის გარეშე. შედეგები კი საღამოს 8 საათზე გამოქვეყნდება.
გვარამიას თქმით, 2021 წლის 6-8 ოქტომბრის პერიოდში „კახა კალაძის მიერ შედგა კომუნიკაცია კომპანია Ipsos-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან“, იტალიის მოქალაქე ოლივიერე მარჩეზოსთან.
„მარჩეზოსთან კომუნიკაცია შედგა კახა კალაძის მიერ. კომუნიკაცია მიმდინარეობდა პარიზსა და რომში, ჩვენ ვადგენთ ეს კომუნიკაცია იყო შუამავლების მეშვეობით, თუ პირადი. ჩვენი ინფორმაციით, ეს იყო პირადი კომუნიკაცია. შედგა კორუფციული შეთანხმება, რომლის მიზანიც ეგზიტპოლის ჩაშლა იყო და განცხადების გავრცელება, რომ „მთავარი არხი“ აყალბებს შედეგებს“, – თქვა გვარამიამ.