ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

პუბლიკა

„ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 8 საჩივარი“, –  ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. მათი თქმით, არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა

ორგანიზაცია აცხადებს, რომ #79 ბათუმის, #17 თელავის და  #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

განცხადებაში ნათქვამია, რომ #25 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება

მათი თქმით, #69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-მდე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. მომხდარზე დაიწერა.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა

ორგანიზაცია აცხადებს, რომ #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები

განცხადებაში ნათქვამია, რომ #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას.