იზორიასი კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ დაუსვეს შეკითხვა. გიორგი გახარიას შეფასებით, ის, რაც მან კადრებზე ნახა, ამაზრზენია.

„მე რაც ამ კადრებზე ვნახე, ეს უბრალოდ ამაზრზენია, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. იზორია კი არა ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს შეკითხვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარი, რესპუბლიკელი სენატორის, ჯიმ რიშისა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერის, სენატორ ჯინ შაჰინის წერილის შესახებაც დაუსვეს. პრემიერ-მინისტრის სახელზე სენატის წევრთა მორიგი წერილის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

„მე გუშინ ვთქვი, რომ, როგორც ჩანს, აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი და პოზიციის დაფიქსირება იქნება-თქო. ეს დადასტურდა. ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და მზად ვიყავით პასუხებისთვის. არ დავიწყებ გარჩევას სხვადასხვა წერილი იყო სხვადასხვა აქცენტით. გუშინ აშშ-ის ელჩი ჩამობრძანდა. უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება აშშ-ში და ჩვენ ვიქნებით ობიექტურები და  აქტიურები ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხთ. აშშ არის ჩვენი მთავარი პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

24 იანვარს „მთავარ არხზე” გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათი თქმით, ჩანს, როგორ მფარველობს ხელისუფლება მაღალი თანამდებობის პირის კანონდამრღვევ ოჯახის წევრს.  აღნიშნული კადრები მათ მიაწოდა პოლიციის მაიორმა, გიორგი დვალიშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მის მიმართ ხელმძღვანელობისგან ზეწოლა დაიწყო.