„ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამდე, სანამ დადასტურებულად არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „დროას“ წევრმა, ნინო გოგიაძემ.
„ელენეს შიმშილობა ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. აქამდე გლდანის ჰოსპიტალზე მოსმენილი გვქონდა მხოლოდ სახალხო დამცველის დასკვნა, რომ გლდანის საავადმყოფო არ შეესაბამება იმ სტანდარტს, სადაც დაცული და გარანტირებული იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ასევე მისი უსაფრთხოება. ასე რომ, ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამდე, სანამ დადასტურებულად არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – აცხადებს გოგუაძე.
პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს შეუძლოდ გახდა. მასთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები მივიდნენ, მაგრამ ჰოსპიტალიზაციასა და გადასხმაზე უარი თქვა.
მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახება კვლავ გახდა საჭირო [20:06]. ექიმის თქმით, მან ისევ უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე.
„წნევა, პულსი კარდიოგრამულდ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია”, – განაცხადა ექიმმა.
„დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.
დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გლდანის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მისაღებად N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა და თავდაპირველად დაასკვნა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მეორე შემოწმების შემდეგ კი განაცხადა, რომ კლინიკაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და ასევე გამოწვევად რჩება გარკვეული რისკი, უსაფრთხოების თვალსაზრისით.