გარდაიცვალა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი, დიპლომატი გელა ჩარკვიანი. ინფორმაციას გელა ჩარკვიანის გარდაცვალებაზე შვილი, თეონა ჩარკვიანი ავრცელებს.
დაიბადა 1939 წელს თბილისში. 1957 წელს დაამთავრა მოსკოვის 56-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილებაზე.
1963 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1970 წელს სტაჟირება გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის უნივერსიტეტში. 1976-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიით უძღვებოდა გადაცემას „გლობუსი“. ათწლეულების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენასა და სოციოლოგიაში თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1992-2003 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში. 2005-2006 წლებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი. 2006-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.