დღეს დილით კულტურის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე „TV პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებმა პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრეს.
ჟურნალისტების თქმით, ბრიფინგზე დაუშვეს „იმედი“, „რუსთავი 2“, „ობიექტივი“, „პირველი არხი“, „Post TV“, საპატრიარქოს ტელევიზია. მათი თქმით, სია ამოიკითხეს და მხოლოდ ეს არხები შეუშვეს შეხვედრაზე.
ჟურნალისტ ლიკა ჯანყარაშვილის თქმით, გაუგებარია, რა ნიშნით შეარჩია კულტურის მინისტრმა, რომელი მედია უნდა შეეშვა და რომელი არა პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, თეა წულუკიანმა მხოლოდ სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მისცა უფლება დასწრებოდნენ შეხვედრას.
„ეს ჰგავს ცენზურის დაწესების მცდელობას, რომელიც ხელისუფლებას დიდი ხანია აქვს კრიტიკული მედიის მიმართ. ამიტომაც „TV პირველი“ მიმართავს სახალხო დამცველს, შეისწავლოს მინისტრების და განსაკუთრებით თეა წულუკიანის მიდგომა, რატომ არჩევენ ტელევიზიებს დისკრიმინაციულად”, – ამბობს ჟურნალისტი ლიკა ჯანყარაშვილი.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ითხოვენ სამინისტროში მისული ჟურნალისტები პასუხს, რატომ არ უშვებენ ბრიფინგზე, თუმცა პრესცენტრის წარმომადგენელი მათთან არ გამოსულა.
„დღეს მან გამოყარა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები პრესკონფერენციიდან, რომელიც იყო ღია ღონისძიება და დაუშვა მხოლოდ სამთავრობო მედია. გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები არ დაეშვათ ღონისძიებაზე, რათა არ დაესვათ კრიტიკული კითხვები, მიღებული იყო 13 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე“, – აცხადებს „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.
„პუბლიკა“ ცდილობს კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.