კოვიდით გარდაცვალების მიმდინარე დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - NY Times

პუბლიკა

ამერიკული გამოცემის The New York Times-ის მიხედვით, მიმდინარე დინამიკაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

The New York Times-ის მიხედვით, ბოლო 7 დღის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ყოველ 100 000 მოქალაქეზე გარდაცვალების მაჩვენებელი 2.01-ია. თითქმის ყოველდღიურად ქვეყანაში კორონავირუსით საშუალოდ 75 ადამიანი იღუპება (გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით – 74.7-ია).

საქართველოს შემდეგ მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი 1.85-ია, მესამეზე კი მოლდოვაა – 1.82-იანი მაჩვენებლით.

ამ ქვეყნების გარდა, ათეულში შედიან: უკრაინა, ხორვატია, ლატვია, რუმინეთი, უნგრეთი, სომხეთი და ტრინიდადი და ტობაგო.

საქართველო გარდაცვალების საერთო მაჩვენებლითაც მსოფლიოს ქვეყნების ათეულშია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 11 498 მოქალაქე გარდაიცვალა და ყოველ 100 000 მოქალაქეზე გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მერვე ადგილს იკავებს.