ფონდმა გუდიაშვილის მოედნისთვის კვლევებში 204 200 ლარი დახარჯა, თუმცა არ გამოუყენებია - აუდიტი

პუბლიკა

თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედანზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გამოყენების საუკეთესო ვარიანტების შესწავლის მიზნით ორჯერ შეისყიდა კვლევა, რომელიც შემდეგ არ გამოუყენებია. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ. როგორც აუდიტის დასკვნაში წერია, სულ კვლევებში 204 200 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „თბილისის განვითარევის ფონდის“ 2018-2019 წლის საქმიანობა შეისწავლა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გამოყენების საუკეთესო ვარიანტების შესწავლის მიზნით, ორგანიზაციამ 2016 წელს საექსპერტო მომსახურება შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიადან“ შეისყიდა.

სამსახურის ინფორმაციით, კვლევაში გადახდილია 67.3 ათასი ლარი. საბოლოოდ, თბილისის განვითარების ფონდმა აღნიშნული კვლევის შედეგები მოიწონა, თუმცა მას კვლევა არ გამოუყენებია.

მათი თქმით, მანამდე, ერთი წლით ადრე, ფონდსა და შპს „გრანდ თორთონ ახვლედიანთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ღირებულება 136.9 ათასი ლარი იყო, შეფასდა გუდიაშვილის მოედნის ტერიტორიაზე არსებული შენობების, ბეთლემის ქუჩის №15-სა და პუშკინის ქუჩის №5-7-ში მდებარე ქონებების გამოყენების საუკეთესო ვარიანტები. თბილისის განვითარების ფონდს აღნიშნული კვლევის შედეგებიც არ გამოუყენებია.

„კვლევის შემსრულებელი ორგანიზაციის განმარტებით, ჩატარებული კვლევები ხანდაზმულია და მასში ასახულ კონცეფციას და გაანგარიშებებს ორგანიზაცია მომავალ საქმიანობაში ვეღარ გამოიყენებს. თბილისის განვითარების ფონდმა შეისწავლა საკუთარი ქონების ნაწილის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ არ გამოიყენა კვლევის შედეგები შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად, კვლევებში გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია“, – წერია დასკვნაში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის სხვა მიგნებები:

  • 2018-2919 წლებში სამშენებლო სამუშაოების მარტივებული შესყიდვების დროს ქსპერტებმა, რომლთა  ექსპერტიზის საფუძველზე მერიამ გადაიხადა ღირებულების ანაზღაურება, შემდეგში შემსრულებლების ფაქტობრივი დანახარჯების დოკუმენტები სათანადოდ არ შეისწავლეს.
  • ფონდმა ურნების და ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მონტაჟის სამუშაოების შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის გზით, როდესაც შესაძლებელი იყო საქონლის ტენდერის საშუალებით შესყიდვა. ამასთანავე, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, ფონდს არ განუხორციელებია ბაზრის კვლევა.

თბილისის განვითარების ფონდი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც დაფუძნდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2010 წელს.

დებულების თანახმად, განვითარების ფონდის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია ქალაქ თბილისში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების/აღდგენის და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის გამოუყენებელი შესაძლებლობების გამოვლენა და სწორად პრიორიტეტიზაცია; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების/აღდგენის და უძრავი ქონების ღირებულების ზრდის შესაძლებლობების რეალიზაციის სწორად დაგეგმვა-პროექტირება; ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების/აღდგენა.