საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

პუბლიკა

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • არის სრულად ვაქცინირებული;
  • გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;

პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health.

CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს.

აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

„საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.

საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.

აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ- სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში“, – ნათვქამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

უწყების ინფორმაციით, მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.

სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს.

სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.