შესაძლოა ე.წ. ბუსტერ დოზის მიღების ვადა შემცირდეს

პუბლიკა

ე.წ. ბუსტერ დოზებისთვის შუალედი შესაძლოა შემცირდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

კონკრეტულად, რა ვადით შემცირდება ბუსტერის მიღების დრო, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ხვალ იქნება ცნობილი.

„იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ახალ ვარიაციასთან ე.წ. „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინციის პროგრამა, მათ შორის, ბუსტერ დოზების გამოყენების საკითხი იმისთვის, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკი მინიმუმადე შემცირდეს, გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე დაცვის მექანიზმების გამოყენება მნიშვნელოვანია, ასევე ხაზგასმით აღინიშნა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისა და ბუსტერ დოზების მნიშვნელობა.

დღეს ექსპერტთა ჯგუფი დეტალურად იმსჯელებს ბუსტერ დოზების სქემაზე და ჩვენ ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ჯგუფი ბუსტერ დოზის ვადის – 6-დან 5 თვემდე – შემცირებას.

ბევრმა ქვეყანამ, მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, გადახედა ბუსტერ დოზების ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი. ზოგიერთ შემთხვევაში 6-დან 5 თვემდე, ზოგიერთ შემთხვევაში 6-დან 4 თვემდე, ასევე, სინოფარმისა და სინოკაკის შემთხვევაში ეს არის სამი თვე, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რაც ხვალისთვის უკვე მზად იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.