პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსა და შესრულებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
„მსურს, გამოვყო უმაღლესი განათლების სისტემის მთავარი მეგაპროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისთვის. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მისი და მისი ოჯახის ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე უნივერსიტეტი.
სიამაყით მსურს აღნიშნო, რომ უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი და გახსნიდან მეორე წელსვე, 2021 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2021 წელს სტუდენტთა რაოდენობა 76% გაიზარდა. უნივერსიტეტში ამჟამად მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. არსებული მიდგომა შენარჩუნდება და შეიქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისთვის, ლიდერ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.