CovidPass Georgia და Georgia e-Health - რომელი აპლიკაცია უნდა გამოვიყენოთ

პუბლიკა

დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health, რომელიც მოქალაქეებმა მწვანე სტატუსის დასადასტურებლად უნდა გამოიყენონ.

დილიდან სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ გაურკვეველია, თუ რომელი აპლიკაცია რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, რომელი მუშაობს ქვეყანაში და რომელი – საზღვარგარეთ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ სისტემა მოქალაქეს უჩვენებს QR კოდს, მოქალაქის ფოტოსურათს და ინფორმაციას იმის შესახებ, მოქალაქე აკმაყოფილებს თუ არა კრიტერიუმებს.

საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე) საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR-ტესტის უარყოფით პასუხს.

საზღვრის კვეთის შემდეგ პირს შეეძლება, მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში, რის შემდეგაც შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ მეორე აპლიკაციას Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.

Georgia e-Health აპლიკაციაში დარეგისტრირების შემდეგ სისტემაში ასახულია პირის შესახებ ინფორმაცია; ვაქცინაციის დრო; პირს აქვს თუ არა გადატანილი კორონავირუსი და როდის ჩაიტარა პირმა სწრაფი, pcr და ანტიგენტესტები.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე იმისთვის, რომ მიიღოს მწვანე სტატუსი და ეს აისახოს აპლიკაციებში?

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი;

მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.