რატომაა დღემდე 1022 სკოლის დირექტორი მოვალეობის შემსრულებელი? რით ვერ გამოაცხადეთ კონკურსი? – ვაშაძე მინისტრს

პუბლიკა

„რითაც გამოირჩევა განათლების სამინისტრო, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლებისა და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება, სწორედ ამაზე მაქვს კითხვა, რა გახდა იმის საფუძველი, რომ დღემდე 1022 სკოლის დირექტორი არის მოვალეობის შემსრულებელი, რით ვერ გამოაცხადეთ კონკურსი, რა მოხდა ისეთი, რომ ვერაფრით ვერ დაინიშნენ ეს ადამიანები. მე გეტყვით, რაც. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ ნიშნავთ მათ კონკურსის წესით, მერე მიდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და აშანტაჟებენ; აშანტაჟებენ, რომ თუ პოლიტიკურად არ ჩაერთვებიან არჩევნებში, დაკარგავენ თაანმდებობას“, – ამ შეკითხვით მიმართა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს.

ჩხენკელს დღეს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში უსმენენ.

„თქვენს გამოსვლაში ვერც სისტემური ვერაფერი ვერ დავინახე, ვერც შინაარსობრივი ვერაფერი ვერ დავინახე, რომ რეალური რეფორმები იყოს ქვეყანაში და ამას მოწმობს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, როცა ამბობს, რომ წლიდან წლამდე საქართველოში უარესდება  საგანმანათლებლო ვითარება, სამწუხაროდ, ჩვენი შვილები (მეც სამი შვილის მამა ვარ), ვერ იღებენ იმ განათლებას დღეს ქვეყანაში, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე. არადა, მთელი მსოფლიო ცოდნის ეკონომიკას აწყობს. აი, რითაც გამოირჩევა განათლების სამინისტრო, ეს არის პოლიტიკური მიზნებისთვის მასწავლებლებისა და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება…

გეკითხებით აბა, რა გახდა, რომ ყბადაღებული თემა ქვეყანაში დაიხუროს, რომ სკოლის დირექტორები მუდმივად მოვალეობის შემსრულებლეად არ მუშაობდნენ, აღარაფერს ვამბობ ია კერზაიას საქმეზე, ეს არის მაგალითი, სადაც მთელმა საქართველო დაინახა, რისთვის ხდება საგანმანათლებლო სისტემის გამოყენება. სამწუხაროდ, თქვენს გამოსვლას უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების შესახებ ინფორმაცია და მითხარით რატომ ვერ ნიშნავთ და რატომ არ აცხადებთ კონკურსს?“, – მიმართა ვაშაძემ მინისტრს.