ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს

პუბლიკა

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს. სანქციებს მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა და კანადამაც. აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ლუკაშენკას ხელისუფლებას პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის გამოწვევაში ადანაშაულებენ.

ამის გამო, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიას 12 კომპანია, 20 ადამიანი და სამი საჰაერო სატრანსპორტო საშუალება დაემატა. ამასთანავე სანქციები ამოქმედდა იმ პირების წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის განცხადებით, ბელარუსში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებში მონაწილეობენ. ბელარუსისთვის შეზღუდვები გამკაცრდა საგარეო ვალის მიმართულებითაც.

რაც შეეხება ევროკავშირს, ორგანიზაციამ ბელარუსისთვის სანქციების მეხუთე პაკეტს დაუჭირა მხარი, სანქცირებულთა სიას დაემატა 17 პირი და 11 კომპანია, შესაბამისად, მთლიანობაში ევროკავშირის მიერ სანქცირებულია უკვე 183 ადამიანი და 26 იურიდიული პირი.

ევროკავშირში სანქციების მიღებისთანავე დაიწყეს მუშაობა ახალ, რიგით მეექვსე პაკეტზეც, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლის იანვარ-თებერვალში დამტკიცდება.

„დღეს, ბელარურსში ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებაზე განგრძობითი თავდასხმის, საერთაშორისო წესების დარღვევისა და არაერთი რეპრესიული ნაბიჯის პასუხად, ჩვენ ვაწესებთ ახალ, კოორდინირებულ სანქციებს კონკრეტული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ.

ჩვენ ვრჩებთ ბელარუსი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდამჭერად და ვდგავართ ერთად, რომ რეჟიმმა და მისმა მხარდამჭერებმა გადაიხადონ შესაბამისი ფასი სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ყველა იმ ბელარუსი მოქალაქის გაჩუმებისა და ჩახშობის მცდელობისთვის, ვინც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ლუკაშენკას რეჟიმს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს ორკესტრირებული საემგირაციო შეტევა ევროკავშრის საზღვრებთან. მათ, ვინც ბელარუსიდან ან სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირში არალეგალურ შეღწევას უწევს ორგანიზებას, უნდა იცოდნენ, რომ ამას მნიშვნელოვანი საფასური მოჰყვება.

ჩვენ მოვუწოდებთ რეჟიმს, რომ დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს 900-მდე პოლიტიკური პატიმარი, დაასრულოს რეპრესიების კამპანია და გაითვალისწინოს ეუთოს ექსპერტთა მისიის რეკომენდაციები“, – ნათქვამია აშშ-ის, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში.