საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აცრასა და ამ ჯგუფში საკომუნიკაციო კამპანიის ეფექტიანობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ლეტალობა მაღალია და მიზეზი 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აუცრელობაა.
ეკა ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოში გარდაცვლილი ადამიანების 95% 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. ჟურნალისტის შეკითხვა, როგორ წარიმართა საკომუნიკაციო კამპანია და უფრო მეტი უნდა ემუშავა თუ არა სამინისტროს ამ სეგმენტთან, აცრაზე გამყოლობის გასაზრდელად, ტიკარაძემ უპასუხა, რომ „მარტში, როცა დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი, ჩვენი ვერტიკალი უნდა ყოფილიყო მყარი, რომ, მიუხედავად მაღალი რეზისტენტობისა, ინტენსიურად გვემუშავა ამ მიმართულებით.“
„ჩვენ გვესმოდა მუდმივი კრიტიკა, სწორად იყო თუ არა წარმართული საინფორმაციო კამპანია. ჩვენ გატარებული ღონისძიებები გავაანალიზეთ და უნდა ვაღიარო, რომ კამპანია, რომელიც წარმართული იყო სხვადასხვა უწყების მიერ, იყო მასშტაბური.
თუმცა იკვეთებოდა ნეგატიური გზავნილები რომელიც ვაქცინაციის პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენდა. მნიშვნელოვანია, სამომავლოდ გავიაზროთ, რომ, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება, მნიშვნელოვანია, ყოველმხრივ იყოს ის მხარდაჭერილი და არ გვესმოდეს მხოლოდ კრიტიკა. ჯანდაცვის სამინისტრო ყოვლისშემძლე უწყება არაა, მასაც სჭირდება მხარდაჭერა და არა მხოლოდ კრიტიკა.”