საქართველოს პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ. ის სესიაზე „მინისტრის ფირმატის“ ფარგლებში სიტყვით გამოდის.
თავის გამოსვლაში თეა წულუკიანი მუზეუმების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ არ გაამართლა მუზეუმების გაერთიანებამ და მათ უნდა ჰქონდეთ ავტონომია.
„მუზეუმებზე ვიტყვი ორ სიტყვას – მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოუწურავი თემაა, მე ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა საბჭოთა კავშირმა, არ გაამართლა. არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორც სპორტის მუზეუმია; როგორიცაა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მუზეუმი საქართველოში შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი და სხვა მუზეუმები. მათ უნდა ჰქონდეთ ის ავტონომია და, თუ საჭიროა, დამოუკიდებლობაც, რომელსაც ეს მუზეუმები განვითარებისთვის საჭიროებენ.
მე ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები არსებობენ ამ დარბაზში, თუ ეს გახდება საჭირო, გაჩვენოთ, როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი და იმავე ხელმძღვანელების მიერ ეს გაერთიანება, რომელიც, რეალურად, არის ზოგ შემთხვევაში ძალიან ლამაზი ფასადი. ამას არც ევროპულ სტანდარტთან აქვს რაიმე კავშირი და არც არანაირ სამუზეუმო სტანდარტთან.
ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. შემოწმება დასრულდა ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ და, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ იქ არსებული რეკომენდაციებით, რომ გავაუმჯობესოთ ეროვნული მუზეუმის მმართველობა და დავნერგოთ კარგი მმართველობის პრინციპები,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან ფონდებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაციის პროცესი.
„ჩვენ ვიცით, მაგალითისთვის, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, ძირითადად, ეს არის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები. 53, სავარაუდოდ, დაკარგულია, შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როცა ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, მუშაობენ საელჩოებთან, რომ ტილოები დაბრუნდეს ეროვნულ გალერეაში. წულუკიანის თქმით, სავარაუდოდ, არსებობს სხვა დანაკლისებიც და ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგი მომავალი წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.
თეა წულუკიანი შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამაზე ბევრს არ ისაუბრებს.
„მე ამაზე არ დავკონკრეტდები დიდხანს, რადგან არ მივიჩნევ საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებიც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში კულტურის სამინისტროს კიბეებზე და ვყვიროდი, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-თქო, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანაშრომლობდნენ „ნაციონალურ მიძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატიბუტს, ალბათ, არ ვიცი – რას. მათთან პოლემიკაში არ შევალ. მოკლედ ვიტყვი, დიახ, ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი“,– განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, რომ შეფასდეს, რა ფორმით არის შესაძლებელი შენობის გადარჩენა და წულუკიანის თქმით, ისინი ამას გააკეთებენ.