ისტორიკოსი ბექა კობახიძე ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს შესახებ გამართულ დისკუსიას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„დანამდვილებული ინფორმაცია მაქვს, განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოს ამ ნაწილის შექმნაში უხეშად ერეოდა – ამბობს კობახიძე – ავტორთათვის ეს ჩარევა უხეში იყო, მაგრამ ნეიტრალური ან ანტინაცი მკითხველისთვის – შეუმჩნეველი. ამიტომ დამხვდა კედელზე პოსტები, რას ერჩიან ამ სახელმძღვანელოსო, ყველაფერი კარგად არისო”.
„სახელმძღვანელოს არ აქვს პროპაგანდისტული ფორმა, მაგრამ ეშმაკი რომ დეტალებში იმალება, მაშ ასე, დავიწყოთ”, – წერს ისტორიკოსი.
ჩვენ მოკლედ გთავაზობთ მის მოსაზრებებს:
„საგარეო ასპარეზზე ვარდების ხელისუფლების მიღწევები, ხავერდოვნად და სიტყვების თამაშით არის მოპარული. მაგალითად, შევარდნაძეზე უშუალოდ და პიროვნულად წერია რომ მის დროს მოხდა არაერთი საგარეო პოლიტიკური გარღვევა (fair enough).
სააკაშვილზე წერია რომ 2004 წელს ევროკავშირმა ახალი სამეზობლო სტრატეგია შეიმუშავა (ეს ევროკავშირმა შეიმუშავა და არა საქართველომ მიაღწია). დაიწყო ნატოსთან ინტენსიური თანამშრომლობაო და იქვე ფრჩხილებში წერია რომ განაცხადი შევარდნაძემ გააკეთა;
ივანიშვილზე წერია რომ განაგრძო პროდასავლური კურსი და ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ აქ უკვე აღარ წერია ფრჩხილებში რომ ეს შეთანხმება სააკაშვილის დროს მომზადდა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ სიტყვა არაა ნახსენები ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე, რუსეთის ბაზების გაყვანაზე, ბუქარესტის სამიტის ჩანაწერზე რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა და თუ გნებავთ ბუშის ვიზიტზეც, რადგან ამ დონის ვიზიტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ განხორციელებულა. დაპყრობილში კი ბატონო, ჩამოდიოდნენ რუსეთის იმპერატორები და სკკპ გენსეკები.
ვარდების რევოლუციისგან მოპარულია ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, მოდერნიზაციის შედეგები. ჩემი აზრით, სამართლიანად ერთ აბზაცში არის ჩატეული ვარდების ხელისუფლებისადმი მიმართული კრიტიკა და იქ ყველაფერი ნორმალურად წერია, მაგრამ ვარდების ხელისუფლების მიღწევები კრიმინალისა და კორუფციის დამარცხებამდე არის დაყვანილი. მეტი იქ არაფერი წერია.
სად გაქრა 70%-ით გაზრდილი ეკონომიკა? სად წავიდა თერთმეტჯერ გაზრდილი ბიუჯეტი და თორმეტჯერ გაზრდილი პენსია? ქუჩაში რომ გახვიდოდი 2003 წელს და 2012 წელს ერთი და იგივეა? ამას არაფერი აღნიშვნა არ უნდოდა?
განა დაკარგეს ეს მომენტი. არ დაკარგეს და აი ნახეთ როგორ არის აღნიშნული. ივანიშვილის სურათიან გვერდზე წერია შემდეგი:
„XXI საუკუნის საქართველოში კრიმინალური ვითარება გამოსწორდა. კორუფციაც მნიშვნელოვნად შემცირდა. ამან ეკონომიკის, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაჯანსაღება გამოიწვია. საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაადგა, რამაც მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების დაინტერესება გაზარდა. მათ საქართველოში სხვადასხვა საწარმოსა და სავაჭრო ორგანიზაციის დაარსება დაიწყეს”.
ამას მოსდევს ის რომ მეცენატი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით დემოკრატიზაციამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
აი ესეც არის “მელკი ჟულიკობა”. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ზემოთ ციტირებულ აბზაცში ავტორს რეფლექსია ჰქონდა ვარდების რევოლუციაზე, მაგრამ სახელმძღვანელოში ეს გადასარევი ამბები ოცდამეერთე საუკუნეს დაჰბრალდა და არა ვარდების ხელისუფლებას.
ძალიან საკამათო ნარატივია გატარებული აგვისტოს ომზე. ტალიავინის დასკვნაზე არის თხრობა აგებული. მე მაინტერესებს, ამ ნარატივს იზიარებს ქართული სახელმწიფო ან უნდა იზიარებდეს?
თხრობის მიხედვით, ოსი სეპარატისტები ესროდნენ ქართულ სოფლებს, მიშამ შეიყვანა ჯარები და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ რუსები.
როგორც ისტორიკოსი არა, როგორც მოქალაქე ვკითხულობ, ეს პოზიცია აქვს ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე?„ყველა სფეროს და ეპოქას თავისი სპეციალისტი ჰყავს. აუცილებელია სახელმძღვანელოს ავტორებმა ამ სპეციალისტებს წააკითხონ შესაბამისი თავები და ისე მიიტანონ გამომცემლობებამდე ამბობს ისტორიკოსი – “ჩემი”, ანუ დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) თავიც წავიკითხე და აღმოვაჩინე არაერთი ფაქტოლოგიური შეცდომა. საერთოდ, არ მახსოვს ამ პერიოდზე უშეცდომო სახელმძღვანელო მენახოს. უფასოდ წავიკითხავთ, არავის დავამადლით, ოღონდ მოიტანეთ ჩვენამდე ასევე წააკითხეთ შესაბამისი თავები შესაბამისი პერიოდების ისტორიკოსებს. თქვენც მოიგებთ და ქვეყანაც”.
5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობის ფოტოები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.
იგი მოხსენიებულია ქველმოქმედად და მეცენატად, მოთხრობილია მისი მოკლე ბიოგრაფია და ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაღრმავდა ევროპული ინტეგრაცია.
ამან სოციალურ ქსელებში პროტესტი გამოიწვია დღეისთვის დაგეგმილია საპროტესტო აქციებიც.