პროფკავშირის გაერთიანების ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ორ საქმეზე შრომითი დავა მოუგეს. მათი ცნობით, სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გათავისუფლების ბრძანებები მოსარჩელე ავტობუსის მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე და თბილისის მეტროს ორი ელ.მონტიორის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
ელ.მონტიორის საქმე
„ა.ლ. და ი.ძ. მეტროს გვირაბში დღისა და ღამის ცვლებში ელ. მონტიორის მოვალეობებს ასრულებდნენ 25 და 18 წელი. ამ ხნის განმავლობაში მათ არ დაუმსახურებიათ შენიშვნაც კი, ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მძიმე სამუშაოს.
ა.ლ.-ის და ი.ძ-ის გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელი მიუთითებდა შესასრულებელი სამუშაოს მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობას. საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა სასამართლოს წარუდგინეს დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო და ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც გამოვლინდა დამსაქმებლის მიერ დადგენილისგან განსხვავებული შედეგი. კერძოდ, დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო და ტექნიკურმა ექსპერტიზებმა შესასრულებელი სამუშაოს მიმართ დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ მიიჩნია.
მოსარჩელის პოზიციით, დამსაქმებლის მიერ დანიშნულმა სამედიცინო კომისიამ არასწორი დიაგნოზები დაუსვა მოსარჩელეებს, რაც განპირობებული იყო, ერთი მხრივ, კანონქვემდებარე აქტის _ „დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის #215/ნ ბრძანების ხარვეზებითა და, მეორე მხრივ, კომისიის წევრი ექიმების მიერ ხარვეზიანი კანონქვემდებარე აქტის ფორმალისტური გამოყენებით.
საქმის განხილვისას დაიკითხა არაერთი სპეციალისტი, რომლებმაც დაადასტურეს როგორც კანონქვემდებარე აქტის, ისე დამსაქმებლის მიერ დანიშნული სამედიცინო კომისიის წევრი ექიმების შეფასებების ხარვეზიანობა და მედიცინასთან შეუთავსებლობა.
დავის მიმდინარეობისას პროფკავშირების გაერთიანებამ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების რეფორმირებისა და ცვლილების მიზნით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს. მიმართვას სამინისტრო დაეთანხმა და მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის სოციალურ პარტნიორებს შორის სამმხრივი კომისიის ფარგლებში განხილვა.
საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილების განმარტებისას სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების ხარვეზიანობაზე. ამავდროულად, განმარტა, რომ ამდენწლიანი მუშაობის პირობებში სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდა, დამსაქმებელს უნდა ეზრუნა დასაქმებულთა სოციალურ გარანტიებზეც და უნდა შეეთავაზებინა სხვა პოზიციაც (ისეთი პოზიცია, რომლის მიმართაც დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დამსაქმებელი შესაფერისად მიიჩნევდა). ე.ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს უნდა ამოეწურა ყველა გონივრული შესაძლებლობა, რაც თბილისის მეტროს არ უცდია.
სასამართლომ თბილისის მეტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დააკისრა აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 3000-3000 ლარის ოდენობით, განაცდური ხელფასის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე. აგრეთვე, გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მძიმე, მავნე, საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულების გამო მხარეთა შორის შეთანხმებული ყოველთვიური კომპენსაციის გადახდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე”, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტობუსის მძღოლის საქმე
„მოსარჩელე ვ.კ. 40 წელი მუშაობდა სატრანსპორტო კომპანიაში ყვითელი ავტობუსის ლიონ 3-ის მძღოლად. სავალდებულო სამედიცინო შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მან ვერ გაიარა სამედიცინო შემოწმება. სატრანსპორტო კომპანიამ მაშინვე, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ვითომდა ობიექტური გარემოების გამო გაუშვა სამსახურიდან, რასაც იმთავითვე არ დაეთანხმა მოსარჩელე, რადგან მისი შემოწმება იყო არაობიექტური, ხოლო სამედიცინო სამსახურის მიერ დასმული დიაგნოზი და ფორმა 100-ში მითითებული კვლევები, რაც გახდა დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი, საერთოდ არ ჩატარებია მოსარჩელეს. შესაბამისად დასკვნა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.
სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებისას დაეთანხმა მოსარჩელეს და თქვა, რომ ამდენწლიანი მუშაობის პირობებში დამსაქმებელს, სანამ სამსახურიდან გაათავისუფლებდა დასაქმებულს, უნდა ეზრუნა დასაქმებულთა სოციალურ გარანტიებზე და უნდა შეეთავაზებინა სხვა პოზიციაც (ისეთი პოზიცია, რომლის მიმართაც დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას დამსაქმებელი შესაფერისად მიიჩნევდა). ე.ი. სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დამსაქმებელს უნდა ამოეწურა ყველა გონივრული შესაძლებლობა, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას არ უცდია.
სასამართლომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა აღდგენის შეუძლებლობის გამო კომპენსაცია 2000 ლარის ოდენობით, განაცდური ხელფასის, 1 258 ლარის, ანაზღაურება ყოველთვიურად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე”, – ნათქვამია განცხადებაში.