938 პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარების ვადა შესაძლოა 2025 წლამდე გაუხანგრძლივდეთ

პუბლიკა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარების ვადა შესაძლოა, 2025 წლის პირველ იანვრამდე გაუხანგრძლივდეს.

პროექტს 6 დეკემბერს, ბიუროს სხდომაზე გაუკეთეს ინიცირება. პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, დღევანდელი მდგომარეობით, განათლების სისტემაში დასაქმებულია 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა და 2022 წლის 1 იანვრამდე ვერ შეძლებენ კვალიფიკაციის დადასტურებას.

„იმისათვის, რომ არ შეფერხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის განათლების მიწოდების პროცესი, ასევე, აღნიშნული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლები, რომ აღმოჩნდნენ სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან თანაბარ პირობებში, რომლებსაც 2015 წლიდან ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა დაედასტურებინათ თავიანთი კვალიფიკაცია და აემაღლებინათ სტატუსი, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რაც გულისხმობს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისათვის ვადის განსაზღვრას 2025 წლის 1 იანვრამდე“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.