ოჯახი უნდა შევინახო, ავადმყოფი ქმარი მყავს, ობოლი შვილიშვილები გასაზრდელი - გარემოვაჭრე

პუბლიკა

მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა „დელისის” მეტროს მიმდებარედ მოვაჭრეებს დახლების აღება მოსთხოვეს. გუშინ, ამავე ადგილას სამსახურმა ერთ-ერთი გარემოვაჭრე 50 ლარით დააჯარიმა.

„153-ე მუხლის თანახმად, გარევაჭრობა იკრძალება. ბარდაგია, ვერ უყურებთ”, – ამბობს „ფორმულასთან” საუბრისას ინსპექციის წარმომადგენელი.

„ოჯახი უნდა შევინახო, ავადმყოფი ქმარი მყავს, შვილიშვილები მყავს, ობლები გასაზრდელები და არ უნდა დავეხმარო ჩემს ოჯახს? მოვიპარო მაინცდამაინც თუ ციხეში წავიდე და ისინი მშივრები დამრჩნენ? მაგათ 60 ლარზე მიმიფურთხებია. რა ჯანდაბად მინდა მაგათი 60 ლარი? თუ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს და ენერგია მექნება, ვიმუშავებ და ჩემს ოჯახს შევინახავ, რად მინდა მაგათი ფული?

ჩვენ გაჭირვებულ ხალხს რომ გვთხოვენ პასუხს, თავიანთ თავს შეხედონ მილიონები და მილიარდები აქვთ ნაშოვნი და ხალხი ქუჩაშია, ნაგავში ეძებს საჭმელს. რატომ ეძებს? კარგი ხელისუფლება რომ გვაქვს მაგიტომ, ხო? დაასაქმონ ხალხი, გახსნან ფაბრიკა-ქარხნები და ყველა წავა იქ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ „ფორმულასთან” საუბრისას.


როგორც „პუბლიკას” მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

„გარევაჭრობა არის კანონით აკრძალული და ჩვენს სამსახურს ევალება ამის კონტროლი და სიტუაციის მართვა…

მაგალითად, კონკრეტულად „დელისზე”, ერთი კვირის განმავლობაში 3-ჯერ მივიდნენ ჩვენები. მარტო გარევაჭრობა კი არ იყო, ქუჩაზე იყვნენ გადასული. გასასვლელი, ტროტუარი [ჰქონდათ დაკავებული]. ძალიან ბევრი მომართვა შემოდის, რომ გვიშლის ხელს. ამასთან, კანონდარღვევაც არის და ცხადია, რომ ჩვენი ვალია მოქალაქეების მოთხოვნა და კანონი დავაკმაყოფილოთ”, – ამბობენ სამსახურში.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536-ე მუხლის მიხედვით, ქალაქ თბილისში შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება ჯარიმით 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარის ოდენობით.