იყო განხილვა, არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა - გამყრელიძე გუშინდელ საკოორდინაციო საბჭოზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გუშინდელ საკოორდინაციო საბჭოზე „არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა“, საბჭოს შემდგომ ბრიფინგზე ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები იმიტომ არ გამოვიდნენ, რომ არ იყო რაიმე სიახლე, რომლის შესახებაც ჯანდაცვის წარმომადგენლები ისაუბრებდნენ.

გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები არ გამოვიდნენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სხდომა დაპირისპირების გამო დატოვეს, რომელიც, ე.წ. მწვანე პასპორტების უვადოდ გაცემის თემას შეეხებოდა. ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებს აქამდე საჯაროდ არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ არ იზიარებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, ე.წ. უვადო მწვანე  პასპორტების შესახებ და საჭიროა ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

„ტვ პირველთან“ საუბრისას ამირან გამყრელიძემ დღეს განმარტა, რომ ბრიფინგზე არ გამოვიდნენ იმიტომ, რომ არ ჰქონდათ სიახლე, რომლის შესახებაც საზოგადოებას გააცნობდნენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა დაპირისპირება საბჭოზე, ე.წ. მწვანე პასპორტების თემაზე, გამყრელიძე პასუხობს, რომ – „იყო განხილვა, არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა… სიახლე ჯანდაცვის სფეროს გადასახედიდან არაფერი არ ყოფილა, რომ გვეთქვა, დანარჩენი სტატისტიკა გამოქვეყნდა დილით და გიორგი ღიბრაძემ გააკეთა განცხადება“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – შეიცვლის თუ არა პოზიციას, პრემიერი, ე.წ.  მწვანე პასპორტების თემაზე?

გამყრელიძე პასუხობს, რომ „ყველაფერი განხილვის ეტაპზეა“.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ე.წ. უვადო მწვანე პასპორტებს უჭერს მხარს.